Skip to main content

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

ნიკოტინზე დამოკიდებული თითქმის ყველა ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც იღებს გადაწყვეტილებას, ეს მავნე ჩვევა დაძლიოს, მაგრამ სიგარეტისადმი ავადმყოფური ლტოლვა უფრო ძლიერია. ბევრი მწეველი შესანიშნავად აცნობიერებს, რა მავნეა ეს ჩვევა როგორც თავად მისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც. მაშ, რატომ ვერ ახერხებენ სიგარეტისთვის თავის დანებებას? ნუთუ ამ ჩვევის დაძლევა შეუძლებელია და "უკანასკნელი" ღერი ვერასოდეს გახდება ნამდვილად
"უკანასკნელი"?
იმისთვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ, უნდა გაგიჩნდეთ ერთგვარი მოტივაცია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუ მტკიცედ არ გაქვთ გადაწყვეტილი თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, ესე იგი მოწევას პრობლემად არ აღიქვამთ და ვერაფრით დაგეხმარებათ. მოწევის სტიმული სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის. მაგალითად, ბევრისთვის მოწევა რელაქსაციის საშუალებაა. სურვილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს: საქმისგან შესვენებამ, ბუნების წიაღში ყოფნამ, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნამ, ალკოჰოლის მიღებამ, დაღლილობამ. მოდი, ავიღოთ კალამი და პუნქტობრივად ჩამოვწეროთ:
რას გვაძლევს სიგარეტი?
  • მოდუნების განცდას;
  • კვამლის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სასიამოვნო შეგრძნებას;
  • მწეველებთან ერთიანობის განცდას (არსებითად, ამაში ერთგვარი სნობიზმის მომენტიც არის).
რატომ მინდა სიგარეტისთვის თავის დანებება?
  • ვზრუნავ ჯანმრთელობაზე, მინდა, ფილტვები გავისუფთაო და გულზე დატვირთვა შევამცირო;
  • მინდა, გავიჯანსაღო კანი და თმა;
  • მინდა, შევამცირო ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი;
  • მინდა, თავი დავაღწიო სინდისის ქენჯნას;
  • აღარ მინდა, ტანსაცმელსა და სხეულზე თამბაქოს სუნი ამდიოდეს;
  • მინდა, დავიბრუნო კბილების სიქათქათე;
  • სიგარეტზე უამრავი ფული მეხარჯება.
ახლა ორივე სია ერთმანეთს შევადაროთ. თუ მეორე სიაში უფრო მეტმა და მნიშვნელოვანმა არგუმენტმა მოიყარა თავი, მართლაც გქონიათ მიზეზი სიგარეტისგან თავის დასაღწევად. თუ პირველი სიის არგუმენტები დომინირებს, ესე იგი მოწევა პრობლემად არ მიგაჩნიათ. პირველ ხანებში მოწევის სურვილი მუდმივად გექნებათ. ბოლომდე უნდა მისდიოთ თქვენს სურვილს და სიგარეტის მონობისგან გათავისუფლდეთ. თანდათანობით მოწევის სურვილი შესუსტდება.

უპოვეთ სიგარეტს შემცვლელი
სიგარეტისადმი ლტოლვა იმდენად ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ფიზიოლოგიურთან. ორგანიზმი მიჩვეულია, ყოველდღიურად მიიღოს ნიკოტინის განსაზღვრული დოზა, მისი მოკლების შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. გაღიზიანებამ, შფოთვამ შესაძლოა სიგარეტი ისევ აგაღებინოთ. ეს რომ არ მოხდეს, სცადეთ სპეციალური საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტები. თუ გრძნობთ, რომ ეს არ გყოფნით, მიმართეთ ექიმს - ის შეგირჩევთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც დააქვეითებს შფოთვის დონეს და ძალებისა და გონების მობილიზაციაში დაგეხმარებათ.

შეიარაღდით მხარდაჭერით
მოუყევით მეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს, რომ თამბაქოსთვის თავის დანებება გადაწყვიტეთ. რაც შეიძლება ინტენსიური კონტაქტი გქონდეთ მათთან, ვისაც სიგარეტის გადაგდება გადაუწყვეტია. შეიძლება, ფსიქოთერაპევტსაც კი მიმართოთ, რომელიც პირველ ხანებში ქცევის სწორი სტრატეგიის შერჩევაში დაგეხმარებათ.

მართეთ ემოცია
თუ გგონიათ, რომ ნიკოტინი მოდუნებაში გეხმარებათ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მოძებნოთ სტრესის მოხსნის სხვა საშუალება: რეგულარული მასაჟი, სასიამოვნო მუსიკა, იოგა, ჩაი.

იფხიზლეთ
ალკოჰოლური სასმელი მოწევის სურვილს აძლიერებს. ეს სიგარეტისკენ ლტოლვის ყველაზე გავრცელებული გამშვები მექანიზმია. ზოგიერთი მწეველისთვის საწყისი იმპულსია დილის ყავა, რომელიც დროებით შეიძლება ჩაით შევცვალოთ. მათ, ვისაც სიგარეტის გაბოლება სადილის შემდეგ სჩვევია, ნასადილევს სხვა საქმე უნდა იპოვონ, მაგალითად, კბილების გაწმენდა, საღეჭი რეზინის ღეჭვა.

დაასუფთავეთ სახლი
უკანასკნელი სიგარეტის მოწევის შემდეგ გადაყარეთ ყველა საფერფლე და სანთებელა. დაასუფთავეთ სახლი, დარეცხეთ ფარდები, ფარდაგები, ხალიჩები, რათა მოსპოთ ბინაში სიგარეტის კვამლის სუნი. თუ ამას არ გააკეთებთ, სუნი განუწყვეტლივ მოგაგონებთ სიგარეტს.

ისევ გადააგდეთ
ბევრი აბსტინენციას ვერ უძლებს და ხელახლა იწყებს მოწევას. გააანალიზეთ, რატომ მიუბრუნდით სიგარეტს. დათქვით დღე, როდესაც თავს ისევ დაანებებთ.

მეტი იმოძრავეთ
სირბილის, ფეხბურთის თამაშის დროს მოწევის სურვილი არ ჩნდება. აბსტინენციური სინდრომის შემსუბუქებაში ყოველგვარი მოძრაობა დაგეხმარებათ და დროებით მაინც დაგავიწყებთ სიგარეტს.

დაივიწყეთ დიეტა
ერთსა და იმავე დროს სიგარეტის გადაგდება და დიეტაზე ყოფნა ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ თუ მენიუ არ აკონტროლეთ, შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები აკრიფოთ. ეცადეთ, ყოველდღიური რაციონი სასარგებლო პროდუქტებით გაამრავალფეროვნოთ - ასე წონას შეინარჩუნებთ.

თავი დაისაჩუქრეთ
სიგარეტის გადაგდების შემდეგ ფულსაც დაზოგავთ. დათვალეთ, რამდენი გეხარჯებოდათ თამბაქოზე ყოველდღიურად, ყოველ კვირა, ყოველ თვე. გადადეთ ეს თანხა და მაღაზიისკენ გაეშურეთ საკუთარი თავისთვის საჩუქრის შესაძენად.

გახსოვდეთ ჯანმრთელობა
მოწევაზე უარის თქმა ამცირებს არტერიულ წნევას და პულსის სიხშირეს. ნებისმიერი სახის დამოკიდებულებასთან ბრძოლა ურთულესი ამოცანაა თანამედროვე ადამიანისათვის, რომელიც ცხოვრობს ნეგატიური ინფორმაციისა და სტრესების ოკეანეში. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გავიაზრებთ, რისთვის არის საჭირო მავნე ჩვევებზე გამარჯვება, ამისათვის კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.

Comments

Popular posts from this blog

“როგორ ვისწავლოთ კომპიუტერზე ბეჭდვა”

პრობლემა: სწრაფი ბეჭდვა ჩვენს პროფესიაში, ცხადია ხარისხის შემდეგ, სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .  პრიორიტეტულია, რომ თარგმნის დროს არ ჩამოგეძინოს და დაკისრებული სამუშაო გონივრულად უმოკლეს დროში შეასრულო. გამომდინარე აქედან, თითების სისწრაფე და კლავიატურაზე მაქსიმალურად სწორი გადანაწილება უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუ კლავიატურაზე, თითების თქვენეული განლაგება მაქსიმალურად ასე გამოიყურება, გილოცავთ, ე.ი. თქვენი მუშაობა უფრო ნაყოფიერია ანუ ამ სქემის მიხედვით, კლავიატურის მარცხენა მხარე მარცხენა ხელს უნდა ჩააბაროთ, ხოლო მარჯვენა მარჯვენა ხელს. გუშინ, შევესწარი ერთი მთარგმნელის მუშაობას, რომელმაც სიამაყით აღნიშნა მუშაობის 16 წლიანი სტაჟი . თუმცა 1 გვერდნახევრიან, შაბლონური მინდობილობისთვის თითქმის  1 საათზე მეტი დასჭირდა. და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად 2 თითით ბეჭდავდა , მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარცხენა ხელიდან 1 თითი და მარჯვენა ხელიდან ერთი თითი, თითქმის არ უყურებდა ეკრანს, მხოლოდ კლავიატურას, რაც კიდევ ერთი მინუსია  სამუშაოს სწრაფად შესრულებაში,

სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი

სელმა ოტილიანა ლოვისა ლაგერლოფი ( შვედ . Selma Ottiliana Lovisa Lagerlöf ; დ . 20 ნოემბერი , 1858 — გ . 16 მარტი , 1940) — შვედი მწერალი , ქალი , რომელმაც პირველმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1909 წელს . ბიოგრაფია:   სელმა ლაგერლოფი 1858 წლის 20 ნოემბერს შვედეთის პროვინცია ვერმლანდში , მემამულის ოჯახში დაიბადა . 1881 წელს მამამისის ნების წინააღმდეგ სტოკჰოლმს გაემგზავრა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად . სწავლის დასრულების შემდეგ 1885 წელს ქალაქ ლანდსკრუნის სკოლაში მოეწყო სამუშაოდ . ამ ხანებში მისი პირველი წიგნი „ საგა იოსტა ბერლინგზე “ (Gösta Berlings saga, 1891) ჩნდება . ამ წიგნში ფოლკლორული სიუჟეტები უხვად არის გამოყენებული , სწორედ ამ ნაწარმოებმა აქცია სელმა ცნობილ მწერლად . ამას ნოველების ორი კრებული მოჰყვა : „ უხილავი ჯაჭვები “ (1894) და „ დედოფლების კუნგაჰელაში “ (1899). 1901-1902 წლებში ლაგერლოფი თავის ერთ - ერთ ყველაზე მთავარ რომანს , „ იერუსალიმს “ ქმნის , სადაც პალესტინაში ემიგ

მარშალის გეგმა

United States of America მარშალის გეგმა შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ გეგმის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დახმარებოდა ევროპის 16 სახელმწიფოს განადგურებული ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიის გაძლიერებაში. ეს გეგმა გამოქვეყნდა 1948 წელს , როგორც ევროპის აღდგენის პროგრამა, მაგრამ დღეს ცნობილია მაშინდელი ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდვივნის ჯორჯ მარშალის გეგმის სახელით. მეორე მსოფლიო ომმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ევროპის ქვეყნების ეკონომიკას. ქალაქები და ქარხნები დაიბომბა, სატრანსპორტო ხაზები დაზიანდა, სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 1946 წელს , დიდი ბრიტანეთი, ქვეყანა რომელიც ერთ დროს მსოფლიო ძალად ითვლებოდა გაკოტრების პირას იდგა, იტალია და საფრანგეთი კი ძლიერ ინფლაციას და ეკონომკის ერთ ადგილზე გაყინვას ებრძოდა. კომუნისტური პარტიები ცდილობდნენ ამ ყველაფრით ესარგებლად. შეერთებული შტატების მთავრობა შიშობდა ცივი ომის დასაწყისში კომუნისტებს არ მოეპოვებინათ დომინანტის პოზიცია ევროპაში. იმის გამო რომ ევროპის ბაზარი შეერთე